რატომ დააკავეს Telegram-ის დამფუძნებელი?

Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი საფრანგეთში, ლე ბურჟეს აეროპორტში დააკავეს

რატომ დააკავეს Telegram-ის დამფუძნებელი?

Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი საფრანგეთში, ლე ბურჟეს აეროპორტში დააკავეს. რუსი მილიარდერი პარიზში აზერბაიჯანიდან, კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა

დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მილიარდერის დაკავება Telegram-ის საშუალებით დაგეგმილ კრიმინალურ დანაშაულებს ეხება. ეს მოიცავს ტერორიზმის, ნარკოტიკებით ვაჭრობის, თაღლითობისა და ბავშვებით ვაჭრობის შემთხვევებს. მედიის ცნობით, სამართალდამცველები Telegram-ს მოდერატორების ნაკლებობასა და გამოძიებასთან არასათანადო თანამშრომლობაშიც ადანაშაულებენ

ოთხშაბათს გამოცემა Wall Street Journal-მა წყაროებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა არაერთი დეტალი დუროვისა და საფრანგეთის ხელისუფლების ურთიერთობის შესახებ. დუროვმა 2021 წელს მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. სტატიაში ნათქვამია, რომ 2018 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პაველ დუროვს სადილზე შესთავაზა, პარიზში გადაეტანა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მდებარე Telegram-ის სათავო ოფისი. რაზეც, გავრცელებული ინფორმაციით, დუროვმა უარი განუცხადა. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის ხელისუფლებამ მას გამარტივებული პროცედურით მიანიჭა მოქალაქეობა

პაველ დუროვმა Telegram-ი 2013 წელს დააფუძნა. პლატფორმა დღეს 950 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. დუროვმა რუსეთი 2014 წელს დატოვა, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ მას პლატფორმა VKontakte-ზე ოპოზიციური არხების დახურვა მოსთხოვა. ქვეყნის დატოვების შემდეგ დუროვმა VKontakte-ში თავისი წილიც გაყიდა

39 წლის დუროვი კვირას დააკავეს პარიზის ლე ბურჟეს აეროპორტში. დაკავების მიზეზია ის, რომ ტელეგრამი არასაკმარისად აკონტროლებს თავის არხებს, რომლებსაც კანონსაწინააღმდეგო მიზნებისთვის იყენებენ ხოლმე.